logo
ENG



"სასაცილო კითხვები დაისვა" - "გადატრიალების საქმეზე" სუს-ში CANVAS-ის წევრები გამოჰკითხეს

30 სექ 202312:09
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ხელისუფლების დამხობის მორიგი საქმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორგანიზაცია კანვასის წარმომადგენლები გამოჰკითხეს. როგორც სლობოდან ჯანოვიჩმა განაცხადა, მათ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, შესაბამისად, გამოკითხვის შინაარსზე ვერ ისაუბრა.

უფლებადამცველმა ედუარდ მარიკაშვილმაც აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, თუმცა მან საქმე შეაფასა როგორც "აბსურდული" - მისი თქმით, "ძალიან სასაცილო" კითხვები დაისვა და რომ ჰქონდეთ საუბრის საშუალება, საზოგადოება ამას ცხადად დაინახავდა.

"გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებული ვარ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე, შესაბამისად, ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, ეს არის ჩემი შეფასება, რომ ეს არის აბსურდული საქმე, რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო კითხვები დაისვა და რომ მქონდეს ამის საშუალება, საზოგადოება ამას ძალიან ცხადად დაინახავდა", - განაცხადა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".

უწყების თანახმად, "დესტრუქციული პროცესების" დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.


close დახურვა